გილგამეშის ეპოსი – უძველესი ლიტერატურული ნაწარმოები

June 27, 2009



ეს გახლავთ დღეისათვის ცნობილი პირველი ეთიკურ-ფილოსოფიური ხასიათის ეპოსი მსოფლიო მწერლობაში და, ასევე, ერთ-ერთი პირველი ლიტერატურული ნაწარმოებიც. ეპოსი ვითარდება მთავარი გმირისგილგამეშისგარშემო, რომელიც სავარაუდოდ შუმერთა ქალაქ ურუქს მართავდა ძვ.. 28–27 საუკუნეში. ნაწარმოებში ჩართულია დიდი წარღვნის ეპიზოდი და მას გადარჩენილი ადამიანიუთნაფიშთიმი (ბიბლიური ნოეს ანალოგი). აღსანიშნავია, რომ გილგამეშის ეპოსი გაცილებით უფრო ადრე დაიწერა, ვიდრე ბიბლია.



ეპოსის თავდაპირველი ვარიანტი შეიქმნა შუმერულ ენაზე, სავარაუდოდ ძვ.. მესამე ათასწლეულში და მას არ ჰქონდა ძირითადი სიუჟეტი, ყოველ გილგამეშის გმირობას დამოუკიდებელი შინაარსი გააჩნდა. მოგვიანებით, აქადელმა პოეტმა ეპოსის ფორმა მისცა თქმულებებს. ჩვენამდე მოღწეული ყველაზე სრულყოფილი ვერსია ნაპოვნი იქნა ნინევიაში, ასურბანიფალის ბიბლიოთეკაში. ნაწარმოების სტანდარტული (ბაბილონური) ვერსია დაწერილია 12 თიხის ტაბლეტზე. უკანასკნელი, მე–12 ტაბლეტი ეპოსის საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია და დამოუკიდებელი სიუჟეტი აქვს.

პერსონაჟები და გეოგრაფიული ობიექტები

ანუსამოთხისა და ცის ღმერთი შუმერულ, ასურულ და ბაბილონურ მითოლოგიაში.
ანაუაკიღმერთთა ჯგუფი, ანუს კომპანიონები.
ანზუ ღმერთიჩიტი. ჰქონდა არწივის ფრთები და ლომის ფორმის ფეხები.
აპსუმითიური ოკეანე მიწისქვეშეთში, საიდანაც წყაროები და სასმელი წყაროები მოედინებოდნენ.
არურუდედამიწის დედაღვთაება, ენლილის და, ენკის მეუღლე და ნინსარის დედა.
ენლილიმთავარი ღმერთი. ქარის პატრონი.
ენქიდუეპოსის ერთერთი მთავარი მოქმედი პირი. იგი ღმერთ ანუს დავალებით თიხისაგან შექმნა ქალღმერთმა არურუმ.
ერეშქიგალი ირკალას (მიწისქვეშეთი) დედოფალი.
ეთანა ქალაქ ქიშის ხელმწიფე. ლეგენდის თანახმად იგი წარღვნას გადაურჩა.
გილგამეშიმოხსენიებულია შუმერულ მეფეთა სიაში. სავარაუდოდ, იგი იყო ნამდვილი ხელმწიფე ძვ.. 26 საუკუნეში.
ჰუმბაბაკედარის ტყის გიგანტური მცველი, სავარაუდოდ ჰქონდა ლომის სახე.
იგიგის ღმერთებიძირითადი, პირველხარისხოვანი ღმერთები.
ირკალა საშინელი მიწისქვეშეთი, რომელსაც მართავდა სიკვდილის ღმერთი ნერგალი და მისი მეუღლე ერეშქიგალი.
იშთარი სიყვარულის, ნაყოფიერებისა და ომის ქალღმერთი, შამაშის ტყუპისცალი.
ლაპის ლაზულილილაქვა, ლურჯი ფერის ძვირფასი ქვა.
ნინურტამიწათმოქმედების, ხვნის ღმერთი.
ნიპურიუძველესი წმინდა ქალაქი, მდებარეობს ახლანდელი ერაყის ტერიტორიაზე, ბაღდადის სამხრეთით, 150 კმ მანძილზე.
რიმათნინსუნი წმინდა ქალღმერთი, გილგამეშის დედა, მეფეღმერთისლუგალბანდასმეუღლე.
სიდური ბრძენი ქალი, მიჩნეულია ღვთაებად. მისი სახელი დაკავშირებულია ლუდთან.
სიპარიუძველესი ქალაქი, მდებარეობს ახლანდელი ერაყის ტერიტორიაზე, ქალაქ ბაღდადის მიდამოებში.
ურუქი უძველესი ქალაქი მესოპოტამიაში, მდებარეობს ერაყის ტერიტორიაზე, ბაღდადის სამხრეთით, დაახლოებით 200 კმში.
უთნაფიშთიმი შურუპაკის ხელმწიფე. ლეგენდის მიხედვით, წარღვნას გადარჩენილი ადამიანი.
შამაში მზის ღმერთი, მთვარის ღმერთ ნანარის დაქვემდებარებაში მყოფი.
შამჰათი სასახლის მეძავი, ქალღმერთ იშთარის ქურუმი.
შურუპაკიუძველესი ქალაქი, მდებარეობს ერაყის ტერიტორიაზე, ბაღდადის სამხრეთაღმოსავლეთით, დაახლოებით 200 კმში.


გილგამეშის ეპოსის მოკლე შინაარსი

პირველი ფირფიტა
მოთხრობა იწყება ურუქის მბრძანებლის, გილგამეშის აღწერით, რომელიც ღმერთია და ადამიანი. იგი ყველაზე ძლიერია ოდესმე არსებულ ხელმწიფეებს შორის. ავტორი ადიდებს გილგამეშს და ქალაქ ურუქის აგურის მტიკიცე კედლებს. მიუხედავად დიდებისა, ხალხი გილგამეშის მმართველობით კმაყოფილი არაა, რადგან იგი თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, კერძოდ, ახლადდაქორწინებულ ქალთან პირველ ღამეს სწორედ ის ატარებს და არა ქმარი. ამით უკმაყოფილო ქალღმერთი არურუ ქმნის ნახევრად ველურ ძლიერ არსებასენქიდუს. ენქიდუ ცხოვრობს უდაბნოში და ხელს უშლის მწყემსებს და მონადირეებს ცხოველების მონადირებაში. ამით უკმაყოფილო ერთერთი მწყემსი მიდის გილგამეშთან და შესჩივლებს ენქიდუს შესახებ. ხელმწიფე ენქიდუს მოსათვინიერებლად გზავნის სასახლის მეძავსშამჰათს, რომელიც ენქიდუსთან ფიზიკურ კავშირს ამყარებს და ამით ხდება ნახევრად ველური არსების გაადამიანება. ექვსი ღამისა და შვიდი დღის შემდეგ ენქიდუ უკვე აღარ არის მხეცი, რომელიც ცხოველებთან ერთად ცხოვრობს. ამის შემდეგ შამჰათი არწმუნებს ენქიდუს, რომ იგი უკვე მზადაა ადამიანების საზოგადოებაში შესვლისათვის და სთხოვს მას წავიდეს ურუქში. ამის პარალელურად, გილგამეშს აქვს უცნაური სიზმრები, რომელთა ახსნისას მისი დედარიმატ ნინსუნიმას ძლიერი მეგობრის მოახლოებას ამცნობს.

მეორე ფირფიტა
ენქიდუ და შამჰათი ტოვებენ უდაბნოს და მიდიან ურუქში, რათა დაესწრონ ქორწილს. როდესაც ცერემონიაზე გილგამეშიც გამოჩნდება და დააპირებს პატარძალთან ერთად დაძინებას, მას თავისი ღონიერი ფეხით წინ გადაეღობება ენქიდუ. იგი ეწინააღმდეგება გილგამეშის ეგოს, მის ქალისადმი მოპყრობას და ქორწინების წმინდა წესების უგულებელყოფას. ენქიდუ და გილგამეში ორთაბრძოლას მართავენ, რომელიც საბოლოოდ გილგამეშის გამარჯვებით სრულდება. ხელმწიფე, ენქიდუს თხოვნის შემდეგ, სიცოცხლეს უნარჩუნებს მას. ამ შემთხვევიდან გილგამეში სიმამაცესთან და კეთილშობილებასთან ერთად სწავლობს სიბრალულსა და თავმდაბლობს. ენქიდუ და გილგამეში მეგობრები ხდებიან. ამით ურუქის ხელმწიფე გარდაიქმნება უკეთეს არსებად, და პირიქითაც, ენქიდუც განიცდის ტრანსფორმაციას და იძენს კარგ თვისებებს. ისინი ერთმანეთს მაგალითებს აძლევენ და ერთმანეთისგან სწავლობენ. ხანდახან გილგამეში და ენქიდუ თავს ერთმანეთის ძმებადაც კი თვლიან.


მესამე ფირფიტა
რამდენიმე წლის შემდეგ, გილგამეში მოწყენილი ხდება ურუქში მშვიდობიანი ცხოვრებით. საკუთარი სახელის კიდევ უფრო განდიდების სურვილით იგი გადაწყვეტს წავიდეს კედარის ტყეში, მოკლას ტყის მცველი - დემონი ჰუმბაბა და მოჭრას დიდი ხეები. გილგამეშს ამის გაკეთება დიდებისათვის და კედარის მოსაპოვბლად სურს, რათა მისგან რამდენიმე დიდი საგანი გააკეთოს. ენქიდუ ამბობს, რომ კედარის ტყე ღვთაებების სამეფოა და იქ მოკვდავები არ უნდა მივიდნენ, მაგრამ მეგობრის გადარწმუნებას ვერ ახერხებს. ისინი რჩევას ჰკითხავენ უხუცესთა საბჭოს, მაგრამ გილგამეში ჯიუტობს და საბოლოოდ ენქიდუც ნებდება მის სურვილს. ისინი ერთად ემზადებიან კედარის ტყეში მოგზაურობისათვის. გამგზავრების წინ, გილგამეში თავისი განზრახვის შესახებ უამბობს თავის დედას, რიმათ ნინსუნს, რომელიც თავიდან ჩივის, თუმცა შემდეგ მზის ღმერთს შამაშს სთხოვს დახმარებას და ამავდროლად რჩევებს აძლევს ენქიდუს, რომელსაც ის უკვე თავის მეორე შვილად აღიარებს.

მეოთხე ფირფიტა
ფირფიტაში აღწერილია გილგამეშისა და ენქიდუს მოგზაურობა კედარის ტყისაკენ. გზაში გილგამეში ხედავს ხუთ ცუდ სიზმარს, თუმცა ფირფიტის ცუდი მდგომარეობის გამო იმ მონაკვეთის აღდგენა, სადაც მისი სიზმრების შესახებაა საუბარი, თითქმის შეუძლებელია. ენქიდუ გილგამეშის სიზმრებს თითოეულ შემთხვევაში აღწერს როგორც კარგ ნიშანს. როდესაც ისინი უკვე მიაღწევენ კედარის ტყეს, ენქიდუს კვლავ შიში მოიცავს, თუმცა, გილგამეში ამხნევებს მას.

მეხუთე ფირფიტა
როდესაც გმირები საბოლოოდ მიაღწევენ დანიშნულების ადგილს, კედარის ტყის დემონი მცველი, ჰუმბაბა მათ დაშინებას იწყებს. გილგამეშს შიში მოიცავს, თუმცა, ენქიდუს გამამხნევებელი სიტყვების შემდეგ, ის თავის მეგობართან ერთად იწყებს ბრძოლას ტყის მცველის წინააღმდეგ. ეპოსში ნათქვამია, რომ მათმა გააფთრებამ სირიის მთები ლიბანისაგან განაცალკევა. ამის შემდეგ, გილგამეში ჰუმბაბას შესაცდენად ხერხს მიმართავს და მას თავისდებისა და ცოლების საყვარლებად მიცემას სთავაზობს. ამით მოტყუებულ ჰუმბაბას ავიწყდება თავისი შვიდი ფენისაგან შემდგარი აბჯრის ჩაცმა, რაც გილგამეშსა და ენქიდუს უპირატესობას აძლევს ბრძოლაში. საბოლოოდ, მზის ღმერთი შამაში გმირების დასახმარებლად თავის 13 ქარს აგზავნის, რის შემდეგადაც ჰუმბაბა მარცხდება. იგი სიცოცხლის შენარჩუნებას სთხოვს გილგამეშს და ეს უკანასკნელიც ინდობს მას, თუმცა მხოლოდ იქამდე, სანამ ენქიდუ ბრაზდება მეგობრის ამ გადაწყვეტილებით და დაჟინებით სთხოვს მას მონსტრის მოკვლას. ჰუმბაბა ენქიდუსკენ ტრიალდება და ამჯერად მას შესთხოვს სიცოცხლის შენარჩუნებსას. ენქიდუ არ ითვალისწინებს მის თხოვნას და კვლავ მოითხოვს დემონის სიკვდილს, რისი გამგონე ჰუმბაბაც ორივე გმირს წყევლის. გაბრაზებული გილგამეში კლავს ტყის მას. ამის შემდეგ ორი გმირი ჭრის კედარის დიდ ხეს. ენქიდუ მისგან ღმერთებისათვის დიდ კარს აკეთებს და მას ტივტივით მდინარის დინებას ატანს.

მეექვსე ფირფიტა
გილგამეში უარს ამბობს ცის ღმერთ, ანუს შვილისქალღმერთი იშთარის მიერ შემოთავაზებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამის მიზეზი ქალღმერთის მიერ მისი ყოფილი საყვარლების, მაგალითად მწყემსი დუმუზის, მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობაა. გილგამეშის გადაწყვეტილებით გაბრაზებული იშთარი მამამისს, ანუს, სთხოვს ზეციური ხარის გაგზავნას, რათა ამით შური იძიოს ურუქის მბრძანებელზე. თავდაპირველად ანუ უარზეა, თუმცა მას შემდეგ, რაც იშთარისაგან მკვდრების გაცოცხლების და მათ მიერ ცოცხალი ადამიანების განადგურების მუქარას მოისმენს, თანხმდება მას. ზეციურ ხარს უბედურება და გასაჭირი მოაქვს ქვეყნიერებისათვის. ეპოსის თანახმად, იგი იწვევს გვალვას, რის შედეგადაც წყალი ქრება და მცენარეულობა ნადგურდება. გილგამეში და ენქიდუ ღმერთების დახმარების გარეშე კლავენ ზეციურ ხარს და მის გულს მსხვერპლად სწირავენ მზის ღმერთ შამაშს. ამის შემდეგ გმირებს ესმით იშთარის ტირილის ხმა. ენქიდუ მკლავს აგლეჯს ხარს და მას დაშინების მიზნით მტირალე ქალღმერთს სახეში ესვრის. ამის შემდეგ ქალაქი ურუქი გმირების ამ გამარჯვებას აღნიშნავს, რის პარალელურადაც ენქიდუს ცუდი სიზმარი ესიზმრება, რომელიც შემდეგ ფირფიტაშია აღწერილი.

მეშვიდე ფირფიტა
ენქიდუს სიზმარში, ღმერთები გადაწყვეტენ, რომ ზეციური ხარისა და ჰუმბაბას მკველობისათვის ვინმე უნდა დაისაჯოს. მათი გადაწყვეტილებით ეს სწორედ ენქიდუა, მიუხედავად იმისა, რომ შამაში ამის წინიააღმდეგია. ენქიდუ გილგამეშს ამცნობს ღმერთების ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ წყევლის მის მიერ ღმრეთებისათვის კედარისაგან გაკეთებულ კარს. შოკში ჩავარდნილი გილგამეში მიდის ტაძარში და თავისი მეგობრის სიცოცხლისათვის შამაშის სახელზე ლოცულობს. ამის შემდეგ ენქიდუ იწყებს მონადირისა და შამჰათის წყევლას, რადგანაც იგი უკვე ნანობს იმ დღეს, როდესაც ადამიანი გახდა. შამაში სამოთხიდან ესაუბრება ენქიდუსღმერთების წყევლაში უსამართლოდ მოქცევაში ადანაშაულებს მას და ასევე ამცნობს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ გილგამეში სევდისაგან ძალიან შეიცვლება. ენქიდუ ივიწყებს თავის წყევლას და შამჰათს ემადლიერება. იგი თანდათანობით უფრო და უფრო ავად ხდება და სიკვდილის პირას მისული აღწერს მის ჩასვლას საშინელ ქვესკნელის სამყაროში, რომელსაც იგი მტვრის სახლს უწოდებს. აქ მკვდრებს ჩიტების მსგავსად ფრთები აქვთ. ისინი თიხას ჭამენ და სინათლის გარეშე არსებობენ.

მერვე ფირფიტა
გილგამეში გოდებას იწყებს ენქიდუს სიკვდილის გამო. ის უამრავ საჩუქარს სთავაზობს ღმერთებს იმის სანაცვლოდ, რომ ქვესკნელის სამყაროში ენქიდუსთან ახლოს ყოფნის საშუალება მისცენ. გილგამეში ბრძანებს, რომ ურუქის მთელმა მოსახლეობამუბრალო გლეხებიდან დაწყებული, მაღალი წოდების ტაძრის ქურუმებით დამთავრებულიიგლოვოს ენქიდუ. იგი ასევე ბრძანებს, რომ ქალაქში აიგოს ენქიდუს ქანდაკებები. გილგამეში იმდენად სავსეა დარდითა და მწუხარებით, რომ ექვსი დღისა და შვიდი ღამის განმავლობაში არ ტოვებს ენქიდუს გვამს და ამ ხნის განმავლობაში არავის აძლევს მისდაწვის საშუალებას.

მეცხრე ფირფიტა
გილგამეში გადაწყვეტს, თავიდან აიცილოს ენქიდუს ბედი (სიკვდილი) და იწყებს სახიფათო მოგზაურობას უთნაფიშთიმისა და მისი ცოლის სანახავად, რომლებიც ერთადერთი ადამიანები არიან, რომლებიც დიდ წარღვნას გადაურჩნენ და ღმერთების მიერ უკვდავობა მიენიჭათ. გილგამეშს იმედი აქვს, რომ თავადაც გახდება უკვდავი. უთნაფიშთიმი და მისი ცოლი მშვენიერ ქვეყანაში, დილმუნში ცხოვრობენ, რომელიც სხვა სამყაროში მდებარეობს. გილგამეში აღმოსავლეთით მიემართება, მათი ადგილსამყოფელისაკენ და გზად უამრავ მდინარეს, ოკეანეს და მთას გადის. უკიდურეს აღმოსავლეთით, ქვეყნიერების დასასრულში, იგი ებრძვის და კლავს მთის ლომებს, დათვებს და სხვა არსებებს. საბოლოოდ, ხელმწიფე მიაღწევს მაშუს მთის ტყუპ მწვერვალებს, საიდანაც მზე ამოდის და ახალი სამყარო იწყება. აქ მას უწევს შესასვლელის მცველი ორი, მორიელის მსგავსი საშინელი არსებისაგან ნებართვის მიღება, რომ გზის გაგრძელების საშუალება მისცენ. მას შემდეგ, რაც გილგამეში არწმუნებს მათ, თუ როგორი მოწადინებული და შემართულია უთნაფიშთიმის სანახავად, მორიელები მას შესვლის ნებას რთავენ. გილგამეში ბნელ გვირაბში შედის, სადაც ყოველ ღამით მზე მოგზაურობს. ზუსტად იმ დროს, როდესაც სადაცაა გილგამეშს მზე წამოეწევა და, ამავე დროს, ჩრდილოეთის ქარი და ყინვა აწუხებს, გმირი გვირაბის გასასვლელს მიაღწევს. სამყარო, რომელსაც გილგამეში გვირაბის მეორე მხარეს იხილავს, ულამაზესი და ბრწყინვალეა. ის სავსეა ხეებით, რომლებსაც ფოთლებად ძვირფასი ქვები ასხია.

მეათე ფირფიტა
გილგამეში ხვდება ქალს, სახელად სიდურს, რომელსაც იგი, მისი გარეგნობის გამო, თავდაპირველად მკვლელი ჰგონია. გილგამეში უყვება სიდურს თავისი მოგზაურობის შესახებ. ქალი ცდილობს გადაარწმუნოს იგი და შეაცვლევინოს მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა ამაოდ. სიდური გილგამეშს გზავნის მებორნე ურშანაბისთან, რომელიც გმირს ზღვის გადალახვაში უნდა დაეხმაროს, რათა მან უთნაფიშთიმამდე მიაღწიოს. ურშანაბი ქვის გოლიათებთან ერთად იმყოფება, რომლებსაც გილგამეში მტრებად მიიჩნევს და კლავს. როდესაც ურუქის მეფე მებორნეს აუხსნის თავისი მოგზაურობის მიზანს, ურშანაბი მას აუწყებს, რომ მხოლოდ ახლახანს მოკლულ ქვის არსებებს შეეძლოთ სიკვდილის წყლების გადალახვა. ამ წყლების გადაცურვა თითქმის შეუძლებელია, რადგან მათი ოდნავი შეხებაც კი სიკვდილს იწვევს. მიუხედავად საშიშროებისა, ურშანაბი თანხმდება გილგამეშის დამხარებას და სთხოვს მას მოჭრას 300 ხე, რომლებიც ისე უნდა დაალაგოს, რომ წყალზე გადასასვლელად გამოიყენონ, ხოლო აფრის ფუნქციას კი ტანისამოსი შეასრულებს. საბოლოოდ, გილგამეში და ურშანაბი მიაღწევენ დანიშნულების ადგილს, დილმუნს. იქ მყოფი უთნაფიშთიმი ამჩნევს, რომ ნავში ურშანაბისთან ერთად სხვაც იმყოფება და მას ვინაობის გამხელას სთხოვს. გილგამეში უამბობს თავისმოგზაურობის მიზანს და დახმარებას სთხოვს მას. უთნაფიშთიმი საყვედურობს ურუქის მეფეს, რადგან, მისი თქმით, ადამიანის ბედის წინააღმდეგ ბრძოლა ამაოა და ცხოვრებისაგან სიამოვნების მიღებას ხელს უშლის.


მეთერთმეტე ფირფიტა
გილგამეში, რომელიც ამჩნევს, რომ უთნაფიშთიმი მისგან ფიზიკურად არაფრით განსხვავდება, სთხოვს მას მოყვეს თავისი ისტორია და განმარტოს, თუ რატომ აქვს განსხვავებული ბედი. უთნაფიშთიმი გილგამეშს უამბობს დიდი წარღვნის შესახებ, რომელსაც მხოლოდ იგი გადაურჩა და ამის შემდეგ ღმერთების მიერ უკვდავება აქვს მინიჭებული. იგი ეჭვობს, რომ ღმერთები იგივე პატივს გილგამეშს არ დასდებენ, თუმცა უხალისოდ მაინც თანხმდება, მას უკვდავების შანსი მისცეს. უთნაფიშთიმი სთხოვს გილგამეშს, რომ ჯერ, გამოცდის სახით, ექვსი დღისა და შვიდი ღამის განმავლობაში ძილის გარეშე გაძლოს. როგორც კი უთნაფიშთიმი თავის სიტყვას დაასრულებს, გილგამეშს ჩაეძინება. უთნაფიშთიმი სასაცილოდ იგდებს ურუქის ხელმწიფეს თავისი ცოლის თანდასწრებით და სთხოვს ამ უკანასკნელს გილგამეშის გამოფხიზლებამდე ყოველდღე ერთი ახალი პური დააცხოს, რათა შემდგომ გილგამეშმა ვერ უარყოს საკუთარი წარუმატებლობა. როდესაც შვიდი დღის შემდეგ ურუქის ხელმწიფე იღვიძებს და საკუთარ მარცხს აღმოაჩენს, უთნაფიშთიმი გააფთრებულია და მას და ურშანაბის, რომელიც მის მიერ განდევნილ იქნა, ქალაქ ურუქში დასაბრუნებლად გზავნის. გამგზავრების მომენტში უთნაფიშთიმის ცოლი სთხოვს მის ქმარს წყალობა გამოიჩინოს გილგამეშისადმი, რადგან მან ხანგრძლივი გზა განვლო მათთან მისასვლელად. უთნაფიშთიმი თანხმდება და ურუქის ხელმწიფეს მცენარის შესახებ უამბობს, რომელიც ოკეანის ფსკერზე ხარობს და მისი გამოყენების შემდეგ ახალგაზრდობის დაბრუნება შეიძლება. გილგამეში მართლაც იპოვის მცენარეს ფეხებზე მიბმული ქვების დახმარებით, რაც მას საშუალებას აძლევს ოკეანის ფსკერზე გადაადგილდეს, თუმცა არ სჯერა მცენარის ძალის და გადაწყვეტს ურუქში დაბრუნების შემდეგ ის მოხუც კაცზე გამოცადოს. საუბედუროდ, ცურვის დროს, გილგამეში მას ტბის ნაპირზე ტოვებს, სადაც მცენარეს გველი იპარავს. შედეგად, ქვეწარმავალი კანს იცვლის და ახალგაზრდავდება. ამის შემყურე ურუქის ხელმწიფე ტირილს იწყებს ურშანაბის თანდასწრებით, რადგან მან სიკვდილთან ბრძოლის უკანასკნელი შესაძლებლობაც დაკარგა. საბოლოოდ, გილგამეში ურუქში ბრუნდება და ურშანაბისთან აქებს ქალაქის მასიურ და მტკიცე გალავანს.

მეთორმეტე ფირფიტა
ეს ფირფიტა ეპოსის საერთო შინაარსისაგან განსხვავდება და კონტექსტიდან ამოვარდნილია. იგი სავარაუდოდ სხვა ავტორის მიერ, მოგვიანებითაა დაწერილი. გილგამეში შესჩივის ენქიდუს, რომ თავისი სათამაშო ბურთები მიწისქვეშეთში ჩაუცვივდა. ენქიდუ მათ უკან ამოტანას სთავაზობს. გახარებული გილგამეში არიგებს მას, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რათა უკან დაბრუნება შეძლოს. ენქიდუ ივიწყებს მეგობრის სიტყვას და ყველაფერს მისი რჩევის საპირისპიროდ აკეთებს. შედეგად, იგი თავს ვერ აღწევს მიწისქვეშეთს და იქ დარჩენა უწევს. შეწუხებული გილგამეში ღმერთებს ევედრება, დაეხმარონ თავისი მეგობრის დაბრუნებაში. ღმერთებიენლილი და სინი თავს არ იწუხებენ მისთვის პასუხის გასაცემად, ხოლო შამაში და ეა კი მის დახმარებას გადაწყვეტენ. შამაში დედამიწაში ხვრელს აკეთებს, საიდანაც ენქიდუ ამოდის. ფირფიტა იმით სრულდება, რომ გილგამეში ენქიდუს იმის შესახებ ეკითხება, თუ რა იხილა მან მიწისქვეშეთში. მოთხრობის მიხედვით გაურკვეველია, ენქიდუ მართლაც უბრუნდება რეალურ ცხოვრებას, თუ იგი მხოლოდ როგორც მოჩვენება, ისე არსებობს.